English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნინო საღარეიშვილი
ადგილობრივია გროსასურსათო პროდუქტების წარმოების ზრდაზე მოქმედი ფაქტორები და ექსპორტის სტიმულირება

რეზიუმე. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები იყენებენ სხვადასხვა ხერხებს, რათა გაზარდონ ადგილობრივი წარმოება და მიაღწიონ დადებით სავაჭრო ბალანსს. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიდია საერთაშორისო ვაჭრობის როლი. სწორედ ამ კუთხით განიხილება ადგილობრივ წარმოებაზე მოქმედი ორი ალტერნატიული სტრატეგია: 1. იმპორტის ჩანაცვლება;  2. ექსპორტის სტიმულირება.

სტატიაში განხილულია თითოეული სტრატეგიის არსი და შეფასებულია მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული აგროსასურსათო პროდუქტების წარმოების ზრდის მნიშვნელობაზე და მასზე მოქმედ ფაქტორებზე. გაანალიზებულია ექსპორტის სტიმულირების პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა წარმოების ზრდის შესაძლებლობებზე.

ნაშრომში, ასევე, გაკეთებულია დასკვნები და რეკომენდაციები, თუ რამდენად უწყობს ხელს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტის სტიმულირება ადგილობრივი წარმოების ზრდას.

საკვანძო სიტყვები: აგროსასურსათო პროდუქტი; ექსპორტის სტიმულირება; იმპორტის ჩანაცვლება;წარმოების ზრდა. 

შესავალი

იმპორტის ჩანაცვლება წარმოადგენს სახელმწიფოს სტრატეგიას, რომელიც ხელს უწყობს იმპორტის შემცირებას და მის ჩანაცვლებას ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქტებით [1]. აღნიშნულის მისაღწევად ხდება ადგილობრივი წარმოების ზრდა და გრძელვადიან პერიოდში იმპორტირებული პროდუქტების შემცირება ადგილობრივ ბაზარზე. უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტის ჩანაცვლება არ გულისხმობს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტის გაზრდას. იგი ხელს უწყობს დასაქმების ზრდას, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებას და ქვეყანას საშუალებას აძლევს ბაზარზე არსებული მოთხოვნა უზრუნველყოს ადგილობრივი წარმოებით [2].

რაც შეეხება ექსპორტის სტიმულირებას, იგი გულისხმობს ადგილობრივი წარმოების ზრდით ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას [3]. მკვლევარების აზრით, ექსპორტის სტიმულირება განვითარებად ქვეყნებს მასშტაბის ეკონომიით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.ხოლო ექსპორტის სტიმულირების პროგრამები ადგილობრივ მწარმოებლებს აძლევს სტიმულს თავინთი პროდუქტი არამარტო ადგოლობრივ ბაზარს შესთავაზონ, არამედ განავითარონ ისინი ისე, რომ თავი დაიმკვიდრონ საერთაშორისო ბაზარზე. სტიმულირების პროგრამებით ხდება მწარმოებლების გადამზადება, მათთვის საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა და სხვა [4].

უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ სტრატეგიას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად, იმპორტის ჩანაცვლების მთავარ უპირატესობად ითვლება ის, რომ იგი იცავს ადგილობრივ წარმოებას; ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქტების კონკურენციის ზრდას და ადგილობრივი მწარმოებლები უფრო მეტად ცდილობენ თავინთი პროდუქტის ხარისხის ამაღლებას; ზრდის ეკონომიკის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს. ასევე, აღსანიშნავია, რომ იზრდება სოფლად დასაქმების მაჩვენებელი და შესაბამისად მოსახლეობის შემოსავლები. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას და მდგრადობას [5].

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის მთავარი უარყოფითი ეფექტები, რომლებიც აქვს იმპორტის ჩანაცვლებას: 1. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მწარმოებლები კონკურენციის პირობებში ცდილობენ ხარისხის ამაღლებას, ისინი უფრო და უფრო შორდებიან საერთაშორისო სტანდარტებს ხარისხის კუთხით, რადგან ბაზარზე უმეტეს ნაწილს მხოლოდ ადგილობრივი წარმოება წარმოადგენს; 2. იმპორტის ჩანაცვლება დაკავშირებულია იმპორტის შეზღუდვასთანაც, რაც, თავის მხრივ, დამაბრკოლებელი ფაქტორია საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით. ამან შესაძლოა ეკონომიკურ კოლაფსამდე მიგვიყვანოს; 3. დიდია ჩრდილოვანი ბაზრის განვითარების საშიშროება; 4. იმპორტის შეზღუდვამ შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი ფასების ზრდა და სხვა [6].

            რაც შეეხება ექსპორტის სტიმულირებას, მის დადებით მხარეებად შეიძლება მივიჩნიოთ [7]:

  1. საერთაშორისო ბაზრების ათვისება;
  2. აგროსასურსათო პროდუქტების ხარისხის ზრდა საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით;
  3. დივერსიფიკაციის შესაძლებლობა;
  4. ახალი ცოდნის და გამოცდილების მიღება;
  5. აგროსასურსათო პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის გაფართოება და სხვა.

ექსპორტის სტიმულირების უარყოფით მხარეებად ეკონომისტები განიხილავენ: 1. დამატებით დანახარჯებს, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო ბაზრების შესწავლასა და მათზე გასვლაში; 2. ფინანსურ რისკს, რაც ახლავს პროდუქტის ახალ ბაზარზე დამკვიდრებას; 3. საექსპორტო რეგულაციებს; 4. კაპიტალის არარსებობას; 5. მალფუჭებადი აგროსასურსათო პროდუქტებისთვის საერთაშორისო ბაზარზე შესვლის სირთულეს [7].

რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელი სტრატეგია არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობა საწყის ეტაპზე ცდილობს გაზარდოს ადგილობრივი წარმოება, რაც გრძელვადიან პერიოდში ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას. აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპორტის სტიმულირებით ქვეყნები არ ზღუდავენ იმპორტს, თუმცა დადებითად ზემოქმედებენ სავაჭრო ბალანსზე, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას [8].

არსებული მდგომარეობის მიმოხილვა

კვლევის მიზანია აგროსასურსათო პროდუქტების წარმოების ზრდაზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენით  ადგილობრივი წარმოების ზრდის შესაძლებლობებისა  და  მასზე ექსპორტის სტიმულირების გავლენის დადგენა.

კვლევის მიზნის მისაღწევად გამოყენებულია როგორც სამაგიდე, ისე თვისებრივი კვლევა. კვლევის პროცესში განხორციელდა სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დახარისხება და გაანალიზება. ასევე, თვისებრივი კვლევისთვის გამოყენებულია ჩაღრმავებული ინტერვიუების მოდელი, გაანალიზებულია ექსპერტების გამოთქმული მოლოდინები. შედარებითი კვლევით დადგინდა კავშირი რეალურ მდგომარეობასა და მოსალოდნელ შედეგებს შორის.

აგროსასურსათო სექტორის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში საკმაოდ მაღალია. უნდა აღინიშნოს, ასევე, რომ 2012 წელს საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულ დარგად სწორედ სოფლის მეურნეობა გამოაცხადა და აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ სექტორის განვითარებისთვის [9].

2011-2017 წლებში საქართველოს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტს მზარდი დინამიკა აქვს (გამონაკლისია მხოლოდ 2014-2015 წლები), რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. 2017 წლის მონაცემებით უარყოფითი სალდო თითქმის ორჯერ არის შემცირებული 2011 წელთან შედარებით (დიაგრამა 1) [9].

 

დიაგრამა 1. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი (მილიონი აშშ დოლარი)[1]

როგორც დიაგრამიდან ჩანს, 2014-2015 წლებში ექსპორტი შემცირდა. ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო იმ სტრუქტურული ცვლილებებით, რაც საქართველოს შეექმნა დსთ-ს სივრცეში უმსხვილეს ბაზრებთან დაკავშირებით. ასევე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულმა გამოიწვია ექსპორტის დივერსიფიკაციის ზრდა საექსპორტო პროდუქტების კუთხით. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ბაზრების დივერსიფიკაციასაც, ერთი მხრივ ექსპორტი შემცირდა დსთ-ს სივრცის ქვეყნებში, თუმცა გაიზარდა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში [10].

2017 წლის მონაცემებით ძირითადი სასაქონლო პოზიციებს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში შემდეგი სახე აქვს (დიაგრამა 2) [9]:

 

დიაგრამა 2. ძირითადი სასაქონლო პოზიციები აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში, 2017 წელი (მილიონი აშშ დოლარი)[2]

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულ აგროსასურსათო პროდუქტებში საწყის ადგილებზე არის ნედლი და გადამუშავებული თხილი, შემდეგ სპირტიანი სასმელები და ღვინო. ასევე მნიშვნელოვანია ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი აღნიშნულ ქვეყნებში (დიაგრამა 3) [9].

 

დიაგრამა 3. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია 2017 წელი, (მილიონი აშშ დოლარი)[3]

დასკვნები და რეკომენდაციები

კვლევიდან გამოვლინდა ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქტების წარმოების ზრდას:

  1. იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის განხორციელება (მწარმოებლებს იძულებულს ხდის გაზარდონ წარმოება და დააკმაყოფილონ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა);
  2. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
  3. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
  4. ექსპორტის სტიმულირების პროგრამების განხორციელება და სხვა.

კვლევით გამოვლენილია, რომ აგროსასურსათო პროდუქტების წარმოების ზრდა ხელს უწყობს პროდუქტიულობის გაზრდას, ხოლო ექსპორტის სტიმულირება განვითარებადი ქვეყნებისთვის ერთ-ერთი ბერკეტია, რათა დაძლიონ ბაზრის შეზღუდული შესაძლებლობები [11]. სწორედ ამისთვის გამოიყენება ექსპორტის სტიმულირების სხვადასხვა მექანიზმი [8]:

  1. ექსპორტის სუბსიდირება;
  2. საერთაშორისო ვაჭრობის შემაფერხებელი ბარიერების მოხსნა;
  3. გაცვლითი კურსების ეფექტიანი მართვა და სპეციალური ფინანსური სერვისების შექმნა;
  4. ექსპორტის დაკრედიტება და დაზღვევა.

ასევე უნდა აღინიშნოს  სახელმწიფოს როლი საესპორტო საქმიანობის განვითარებაში. იგი განსაკუთრებით დიდია ეკონომიკურ-სამართლებრივი და ორგანიზაციული მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებაში, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის ექსპორტის სტიმულირებას [12].

საქართველო გაწევრიანებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რაც ექსპორტის სტიმულირებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, რაც ქმნის მწარმოებლებისათვის ექსპორტის გაზრდის სტიმულს [13].

საერთაშორისო ბაზრების გახნას ხელი შეუწყო,  2014 წელს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმებამაც. აღნიშნული შეთანხმება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზრებს და სხვა შეთანხმებებისგან განსხვავებით, გულისხმობს არამარტო საქონლით, არამედ მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციასაც [14; 15].

DCFTA-ს ამოქმედება საქართველოს მიმზიდველობას უცხოელი ინვესტორებისთვის ზრდის, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, საექსპორტო პროდუქციის განვითარებას, ადგილობრივი პროდუქტის ხარისხის ზრდას, დასაქმების ზრდას და სხვა. ყოველივე ზევით აღნიშნული დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე და ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

            გამოვლენილია ექსპორტის ზრდის შემზღუდველი ფაქტორები:

  1. რესურსების შეზღუდულობა;
  2. საექსპორტო პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის არაორგანიზებულობა;
  3. საერთაშორისო გამოცდილების არქონა;
  4. ადგილობრივი პროდუქციის დაბალი ხარისხი;
  5. მარკეტინგული აქტივობების არასწორი დაგეგმვა;
  6. ფინანსური რესურსების არქონა;
  7. უცხოური ინვესტორების ინტერესის ნაკლებობა განვითარებადი ქვეყნების მიმართ და სხვა.

მიუხედავად ექსპორტის ზრდის მრავალი შემზღუდველი ფაქტორისა კვლევამ საკმაოდ დადებითი შედეგები დაგვანახა. ანალიზიდან შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:

  1. ადგილობრივი წარმოების ზრდა მნიშვნელოვნად მოქმედებს იმპორტის ჩანაცვლებაზე;
  2. ექსპორტის სტიმულირების პროგრამები ზრდიან ადგილობრივ წარმოებას, თუმცა წარმოებული პროდუქტი განკუთვნილია საერთაშორისო და არა ადგილობრივი ბაზრისთვის;
  3. ექსპორტის სტიმულირება ზრდის ხარჯებს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში, ექსპერტების აზრით, მოხდება ხარჯის ამოღება;
  4. ექსპორტის სტიმულირებისათვის აუცილებელია საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების მიღება;
  5. ექსპორტის სტიმულირება ზრდის ადგილობრივ წარმოებას და დადებითად აისახება სავაჭრო ბალანსზე;
  6. ექსპორტის ზრდა პოზიტიურ გავლენას ახდენს მთლიან შიდა პროდუქტსა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია შეამცირებს იმპორტის მაჩვენებელს, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. თუმცა, უფრო დიდი ეფექტი აქვს ექსპორტის სტიმულირებას. ამ შემთხვევაში სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის დაიკლებს და გრძელვადიან პერიოდში აგრარულ სექტორში დადებითი სავაჭრო ბალანსის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს.

ადგილობრივი წარმოების ზრდა და ექსპორტის სტიმულირება დადებით გავლენას ახდენს მთლიან შიდა პროდუქტზე, თუმცა გასათვალისწინებელია შემდეგი ორი ფაქტორი:

1. შედეგი ვრცელდება აგროსასურსათო სექტორის მთლიან შიდა პროდუქტზე და ხდება სხვა სექტორში მიმდინარე მოვლენების უგულებელყოფა;

2. აგროსასურსათო სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს მშპ-ში, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგროსექტორში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება დადებითად აისახება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე.

დასკვნის სახით შემუშავებულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ადგილობრივი წარმოების ზრდისა და  ექსპორტის სტიმულირებისთვის:

  1. შესაბამისი ინფრასტუქტურის მოწყობა, რათა მოხდეს ადგილობრივი წარმოების ზრდა და ექსპორტის სტიმულირება;
  2. სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება;
  3. ადგილობრივი პროდუქტების ხარისხის ამაღლება, რათა იგი შეესაბამებოდეს ევროპულ სტრანდარტებს;
  4. ექსპორტის სტიმულირების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება, რომლებიც არამარტო ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, არამედ გაზრდის ექსპორტს;
  5. ახალი ტექნოლოგიების შეძენა, რაც შეამცირებს ხარჯს და გაზრდის გამოშვებული პროდუქციის რაოდენობას. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Business Dictionary. http://www.businessdictionary.com/definition/import-substitution.html
  2. Hirschman, O. Albert. 2009. The Political Economy of Import-Substituting Industrialization in Latin America. The Quarterly Journal of Economics. Vol. 82, No. 1 (Feb., 1968), pp. 1-32;
  3. Business Dictionary. http://www.businessdictionary.com/definition/export-promotion.html
  4. International Trade centre. 2009. Export Promotion and WTO. A brief guide. Geveva; N. C. Pahariya. 2008.
  5. Import Substitution and Export Promotion as Development Strategies. Briefing paper. 25 Years CUTS International;
  6. The disadvantages of import substitution. https://prezi.com/4mkr5fpr9ngs/the-disadvantages-of-import-substitution/
  7. Tekle S. Advantages and Challenges of Exporting. https://www.expertbase.org/a238-advantages-and-challenges-of-exporting
  8. ეთერ ხარაიშვილი, ნინო საღარეიშვილი, ქართული აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტის სტიმულირების პროგრამები და მათი ეფექტიანობა, 2016.
  9. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2017. წლიური ანგარიში.
  10. ლაშა არევაძე, 2016. საქართველოს ექსპორტის პრობლემები და ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები. https://idfi.ge/ge/problems-of-georgia-export
  11. Kharaishvili  E., Diversification of  Agribusiness and Rural  Development Models in Georgia, IV International Scientific and Practical Conference “Strategic Imperatives of Modern Management,” 19-20 April,  2018. http://ir.kneu.edu.ua/bitstream/2010/24417/1/5348.pdf
  12. პაატა ცაგარეიშვილი, 2013. აგრარული ფირმის საექსპორტო საქმიანობის სატარიფო და არასატარიფო რეგულირების მექანიზმები. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000639/Dis.Tsagareishvili.P.pdf
  13. გიორგი ღაღანიძე, 2014. საქართველოს საექსპორტო პოტენციალის მენეჯმენტის აქტუალური საკითხები.
  14. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). http://www.economy.ge/index.php?page=economy&s=7
  15. Kharaishvili E., Export-Import Potenzial landwirtschaftlicher Produkte zwischen Georgien und Deutschland: Modernität und Perspektiven,  Deutsch-Georgisches Wissenschafts- und wirtschaftsforum, Berlin, 15.-18. Mai  2018.


[1] საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2017

 

[2] საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2017

 

[3] საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2017